суббота, 23 марта 2024 г.

რა ვნახოთ ლაგოდეხში


ლაგოდეხი ულამაზესი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ ბრძოლაგამოვლილ ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების, გამორჩეული მხატვრობის მქონე ტაძრებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, ხოშატიანის ღვთისმშობელი, მაჭის ციხე და სხვა. ძალიან საინტერესოა ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდის მასალა.

აქ წარმოდგენილია ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა და მცირე რაოდენობით მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა. რაიონის მთავარი სიმდიდრე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფოთლოვანი ტყეები, ჩანჩქერები, ალპური მდელოები, გაშლილი სივრცეები, ხედები, ალპური ტბები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და უამრავ შესანიშნავ ადგილს გვთავაზობს, როგორც სეირნობისა და ბუნებაში განტვირთვისთვის, ასევე ლაშქრობისთვისაც. განსაკუთრებით პოპულარული სალაშქრო მარშრუტებია ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები და რა თქმა უნდა შავი კლდეების ტბა.

ლაგოდეხის სალაშქრო ბილიკები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა იშვიათ ცხოველებსა და ფრინველებსაც კი გადაეყაროთ. ლაგოდეხი ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდიანი მინერალური წყლებითაც. ამ რაიონში მოგზაურობა სიახლეებს, ზღვა შთაბეჭდილებებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.

წყარო: georgiantravelguide.com

ლაგოდეხს გაუმარჯოს!
ლაგოდეხელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий